თეგი: დავით კირკიტაძე

დეპუტატ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ვ.ბ.-ს, ო.ყ.-ს, შ.მ.-ს და პარლამენტის წევრის დ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 ოქტომბერს, ქ. რუსთავში, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა ვ.ბ. და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ განხორციელებულ პოლიტიკას აპროტესტებდა. ასევე აპროტესტებდა დ.კ.-ს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. „აღნიშნული პროტესტის გამოხატვისას, ვ.ბ.-სთან და მის თანმხლებ პირებთან პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები მივიდნენ, მათ შორის იმყოფებოდა დ.კ.-ც, რომელმაც მის მიმართ საჯაროდ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ვ.ბ.-ს და მის თანმხლებ – ო.ყ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელა. მომხდარი კონფლიქტის დროს ვ.ბ.-მ, შ.მ.-მ და ო.ყ.-მ, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ორი პირის მიმართ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. დ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია,  ჩადენილი ორი პირის მიმართ) დაიწყო. ვ.ბ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ და „გ“ ქვეპუნქტებით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ და ჯგუფურად) დაიწყო, ხოლო ო.ყ.-ს  და შ.მ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი  ჯგუფურად) დაიწყო. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსთავის საქალაქო სასამართლომ, დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეუფარდა. რაც შეეხება პარლამენტის წევრ დ.კ.-ს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

რუსთავის სასამართლომ დავით კირკიტაძეს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილეობის საქმეზე დეპუტატ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო განუსაზღვრა. პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის 10 000-ლარიანი გირაოს დაკისრებას ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მისი მოთხოვნა იყო, მოსამართლეს კირკიტაძე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა. ამასთან, სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძემ სიტყვით მიმართა მოსამართლეს და აღნიშნა, რომ ბრალდებას არ ეთანხმებოდა.

პროკურატურა დავით კირკიტაძის მიმართ 10 000-ლარიან გირაოს ითხოვს

რუსთავის რაიონულ სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", პარლამენტის წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. პროკურატურა ბრალდებულისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. საქმე ეხება რუსთავში, 2021 წლის 24 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას. ცნობისთვის, დავით კირკიტაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდეგინა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, დავით კირკიტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ სტაბილურია. მან მედიკოსების რჩევით შიმშილობა შეწყვიტა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განუცხადეს, კირკიტაძე კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება. „წნევა ჰქონდა ძალიან დაახლოებული, 100/90-ზე. ამიტომ მედიკოსებმა გადაწყვიტეს მისი კლინიკაში გადაყვანა. ახლა დასტაბილურდა პარამეტრები, თუმცა სუსტადაა. ექოკარდიოგრამის პარამეტრები არ აძლევს საშუალებას რომ შიმშილობა გააგრძელოს“, - განაცხადეს პარტიაში. ცნობისთვის, დავით კირკიტაძე კლინიკაში გუშინ, გვიან ღამით, არტერიული წნევის შეუსაბამო ნიშნულების გამო გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი დეპუტატი ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია შიმშილობს.